ყაზახეთმა შესაძლოა, ურანის ექსპორტისთვის ტრანსკასპიური დერეფანი გამოიყენოს

ყაზახეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის პორტში დაბრკოლებების შემთხვევაში, (რომელიც ყაზახური ურანის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის მთავარი მარშრუტია), შესაძლოა ურანი ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენებით გადაზიდონ. 

„კაზატომპრომის“ მმართველის მოადგილემ, ერკან მუკანოვმა განაცხადა, რომ კომპანია აპირებს ზომების მიღებას, რადგან ურანის ექსპორტის კუთხით, შესაძლოა, გარკვეული რისკები გაჩნდეს. 

მუკანოვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, ურანსა და ატომის სექტორებზე ჯერ არ ვრცელდება, მაგრამ „კაზატომპრომი“ ნებისმიერი სცენარისთვის ემზადება. 

მან აღნიშნა, რომ მიღებულია სიფრთხილის ზომები იმ შემთხვევაში, თუ სანქტ-პეტერბურგის პორტი, რომელიც ცნობილია, როგორც ყაზახური ურანის ექსპორტის მთავარი მარშრუტი, რაიმე მიზეზით ვერ მოემსახურება ტვირთებს.

„ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ალტერნატიულ მარშრუტს – ტრანსკასპიის დერეფანს, რომელიც არ გადის რუსეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა მუკანოვმა.

ყაზახეთი 2024 წელს ურანის წარმოებას 25 ათასი ტონაზე შეინარჩუნებს.  

მუკანოვმა განაცხადა, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 10 ათას 70 ტონა ურანი მოიპოვეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

მან აღნიშნა, რომ 2024 წელს ურანის წარმოება 25-25,5 ათასი ტონის დონეზე იგეგმება.