ბლინკენმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, განაგრძოს ზეწოლა პუტინსა და მის ხელშემწყობებზე, ვიდრე რუსეთის ჯარი უკრაინას არ დატოვებს

ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა  საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, განაგრძოს ხარჯების დაკისრება და ზეწოლა პრეზიდენტ პუტინსა და მის ხელშემწყობებზე, ვიდრე რუსული ჯარი მთლიანად არ დატოვებს უკრაინას.

„ყირიმი უკრაინაა. ეს იყო ჩვენი პოზიცია 2014 წელს და ასე რჩება 2022 წელსაც“, - აღნიშნა ბლინკენმა.

ბლინკენის განცხადებით, უკრაინის დამოუკიდებლობისადმი პატივისცემა ყირიმის პლატფორმის მთავარი საფუძველია.

მისივე თქმით, არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, დაარღვიოს სხვა სახელმწიფოს საზღვრები.

,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.