6-თვიანი აგრესიული ომის ფონზე, რუსეთმა უკრაინაში თავისი მიზნების უმეტესეობა ვერ განახორციელა. ამასთან შეასუსტა თავისი დიპლომატიური, ეკონომიკური მდგომარეობა და ჯარის შესაძლებლობები. ამის შესახებ, ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი.
„2014 წლიდან პუტინი აპირებდა ძალისა და იძულებითი დიპლომატიის ნაზავის გამოყენებას, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის გავლენის გასაზრდელად და გასაძლიერებლად. ნახევარი წლის წინ რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, რათა დაემხო მთავრობა და ქვეყნის უმეტესი ნაწილის ოკუპაცია განეხორციელებინა“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, რუსეთის ხელმძღვანელობამ 2022 წლის აპრილში, უკრაინაში შეჭრიდან ორი თვის შემდეგ, გააცნობიერა, რომ თავდაპირველი გეგმები არ სრულდებოდა და ყურადღება უფრო მოკრძალებულ ამოცანებზე (აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში) გადაიტანა.
„დონბასში შეტევა მინიმალური პროგრესით მიმდინარეობს და რუსეთი უკრაინისგან მასიურ კონტრშეტევას ელის. რუსეთის ჯარი განიცდის საბრძოლო მასალის, ტრანსპორტის და პერსონალის ნაკლებობას. მორალი ბევრ ქვედანაყოფში დაბალია, არმიის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. დიპლომატიური გავლენა შემცირდა და გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივები ბნელია. ექვსი თვის შემდეგ რუსეთის ფედერაციისთვის ომი უკრაინაში, ძვირი აღმოჩნდა და სტრატეგიული ზიანი მიაყენა“, - ასკვნის ბრიტანეთის დაზვერვა.