გაეროს 50-ზე მეტმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო. განცხადების ტექსტი გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერჰი კისლიცამ გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს „საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების სრული უგულებელყოფა“ და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.
ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს განცხადებას, გამოხატავენ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დოკუმენტს მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ქვეყნებმა. მათ შორის, აშშ-მა, დიდი ბრიტანეთმა, შვეიცარიამ, თურქეთმა, საქართველომ, მოლდოვამ, კანადამ და ახალმა ზელანდიამ.
24 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოში ვიდეოფორმატის ფარგლებში ისაუბრა და დნეპროპეტროვსკის რეგიონში ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე რუსული არმიის იერიშის შესახებ განაცხადა. ზელენსკის თქმით, 15 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე დაშავდა.
ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს და რუსეთის შეიარაღებული შემოჭრის დაწყებიდან ზუსტად ექვსი თვის შემდეგ გამოვიდა სიტყვით.
უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ზრდის ელექტროენერგიის ფასს, რათა ევროპაში სიღარიბე გამოიწვიოს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა, რომ აგრესია და კოლონიური ამბიციები ისტორიის ნაგავსაყრელში დატოვონ.
ზელენსკიმ გაიხსენა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარება, რომელიც ახლა რუსული არმიის კონტროლის ქვეშ იმყოფება. უკრაინის ლიდერის თქმით, მოსკოვმა მსოფლიო რადიაციული კატასტროფის პირას დააყენა. „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ბირთვული შანტაჟი და დატოვოს სადგურის ტერიტორია“,- ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
გაეროს წესების თანახმად, მომხსენებლებმა პირადად უნდა ისაუბრონ, მაგრამ უშიშროების საბჭომ ზელენსკის მონაწილეობას დისტანციურ ფორმატში მხარი დაუჭირა. რუსეთმა ამ ფაქტს წინააღმეგობა გაუწია.