ყაზახეთი, რუსეთიდან გასული 250 დასავლური კომპანიის რელოკაციაზე მუშაობს

ყაზახეთის ხელისუფლება, 250 დასავლური კომპანიის თავის ბაზარზე გადაყვანაზე მუშაობს, რომლებმაც რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დატოვეს. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, 45 უცხოურმა კომპანიამ უკვე გადაწყვიტა ყაზახეთის ბაზარზე შესვლა.

„ახლა ვახორციელებთ გადაადგილების სამუშაოებს. კერძოდ, 250-ზე მეტი კომპანია, რომლებმაც დატოვეს რუსული ბაზარი, ძირითადად დასავლური კომპანიებია, რომლებიც არასასაქონლო სექტორებში საქმიანობდნენ. ჩვენ შევადგინეთ სამიზნე სია, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ყაზახეთი დაინტერესებულია, რათა, ჩვენს ბაზარზე სამუშაოდ ჩამოვიდნენ“, - განაცხადა სმილოვმა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს ყაზახეთში საინვესტიციო პროექტებს გაზრდის.

მისი თქმით, ყაზახეთის ხელისუფლებამ თითოეული კომპანიისთვის სამუშაო ჯგუფები შექმნა, რათა მათ გადაადგილებაში დაეხმარონ.

კომპანიებს შორის, რომლებიც გეგმავენ ყაზახეთში ჩამოსვლას, სმილოვმა Skoda, GE Healthcare, Philips-ი დაასახელა.

Honeywell-მა უკვე გახსნა თავისი წარმოება ალმათიში. ივლისში ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, მთავრობას დაავალა უცხოური ბიზნესის ყაზახეთში გადატანისთვის ხელსაყრელი პირობები მოამზადოს.