„რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს გლობალურ შიმშილზე და განსაკუთრებით, ღარიბ ქვეყნებში სურსათის კრიზისზე დიდი გავლენა აქვს", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა სურსათის გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით ქერი ფაულერმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.
ამასთან, ქერი ფაულერმა საქართველოზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანა წელიწადში 100 ათას ტონა მარცვლეულს აწარმოებს, 5-ჯერ მეტი კი ძირითადად, რუსეთიდან შემოაქვს.
„უკრაინაში ომის ფონზე რუსეთმა საქართველოს ხორბლის მიწოდება შეუზღუდა, რის გამოც ქვეყანას ფქვილის ყიდვა სხვა ბაზრებიდან უფრო ძვირად უწევს", - განაცხადა ფაულერმა.
მისივე განმარტებით, ამის გამო როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, ქვეყნის რუსულ მარცვლეულზე დამოკიდებულების შესამცირებლად, საქართველოში შიდა წარმოების გაზრდის ხელშეწყობას ცდილობენ.
„ახლახან მქონდა ძალიან სასიამოვნო შეხვედრა საქართველოს საკმაოდ შთამბეჭდავ დელეგაციასთან, რომლის წევრებს შორის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრიც იყო. საქართველოსთვის ერთ-ერთი საკითხი ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულებაა. საქართველო თავად აწარმოებს წელიწადში დაახლოებით ასი ათას ტონა ხორბალს, მაგრამ ხუთჯერ მეტის იმპორტს ახორციელებს და ეს რაოდენობა თითქმის მთლიანად რუსეთიდან შემოდის.
- ცხადია, ამ სიტუაციაში საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანას, რომელიც რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული, სურს, ამას თავი დააღწიოს და იყოს ნაკლებად დამოკიდებული. საქართველოს შემთხვევაში საჭირო იქნება ხორბლის შიდა წარმოების გარკვეულწილად გაზრდა.
ბოლო წლებში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის მთავარი წყაროა… უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ამ მომენტში არსებობს შეზღუდვები რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ამან რამდენიმე ქვეყანა აიძულა ხორბლის ნაცვლად ფქვილის იმპორტი აწარმოონ, რასაც უფრო მაღალი ფასი აქვს და განსაკუთრებით ახლა, როცა ფასები ჩვეულებრივზე მაღალია. ასე რომ, საქართველო, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, დგას იმ ფაქტის წინაშე, რომ ორმაგი ტვირთი აქვს სატარებელი: ერთია ის, რომ დამოკიდებულია რუსეთზე, რაც არ არის საიმედო, და მეორე ის, რომ ხორბალი უნდა ჩაანაცვლოს კიდევ უფრო ძვირი იმპორტირებული ფქვილით“, - აღნიშნა ქერი ფაულერმა.
გაეცანით Europetime-ს სტატიას :