ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრული აკრძალვა ევროკავშირში მხარდაჭერას ვერ მიიღებს.
„ჩემი გადმოსახედიდან, რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების სრული აკრძალვა არ არის კარგი იდეა. არ მგონია, რომ რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა რამეს გვიშველის და არა მგონია, რომ ამ იდეას [ევროკავშირში] ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდეს“, - განაცხადა ბორელმა.
ამასთან, ბორელი მართებულად მიიჩნევს ვიზების გაცემის უფრო შერჩევითი მიდგომის დანერგვას. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია „გადახედოს მიდგომას რუსეთის ზოგიერთი მოქალაქისთვის ვიზების მიცემის თაობაზე. კერძოდ, არ მისცენ ვიზები რუს ოლიგარქებს“.
ამასთან, ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაძლოა, მხარი დაუჭირონ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერებას, რის შესახებაც სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times წერს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს, 30-31 აგვისტოს, პრაღაში გაიმართება.
ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.