სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს ალექსანდრე სამხარაძეს საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლით ბრალდება წარუდგინეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს ალექსანდრე სამხარაძეს საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლით ბრალდება წარუდგინეს. ამის შესახებ სამხარაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო, საშტატო იარაღი ჰქონდა. როდესაც თანამდებობა დატოვა, იარაღი ჩააბარა, ხოლო ტყვიების ჩაბარება დაავიწყდა და ამან მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა გამოიწვია. 16 ივნისს, როდესაც მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, ეს ტყვიები აღმოაჩინეს და ბრალი დღეს წაუყენეს,“ - განაცხადა ჩინჩალაძემ.

ამასთან, ჩინჩალაძის თქმით, სასამართლოზე, რომელიც სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება ალექსანდრე სამხარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.