„ევროკავშირი გაერთიანებულია უკრაინის მხარდასაჭერად და წევრი ქვეყნები მზად არიან, გააგრძელონ კიევის მხარდაჭერა იმდენ ხანს და რამდენიც საჭიროა“, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, პრაღაში განაცხადა.
ბორელის თქმით, უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდა და გაიზარდა კიდეც. კერძოდ, დახმარება მოიცავს არამხოლოდ სამხედრო ტექნიკას, არამედ უკრაინელი სამხედროების წვრთნას.
ევროკავშირის სასწავლო მისიის დაწყების შესახებ კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა. ბორელმა აღნიშნა, რომ ბევრი ინიციატივა გაჩნდა, ამიტომ აუცილებელია მათი თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა.
„ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ აუცილებელი იყო ახალი მისიის კონცეფციის განსაზღვრა და უკრაინულ მხარესთან კონსულტაციებზე მოხდა შეთანხმება“, - აღნიშნა ბორელმა.