ორშაბათის შემდეგ უკრაინა ქვეყნის სამხრეთში რამდენიმე მიმართულებით რუსეთის ჯარების წინააღმდეგ შეტევას განაგრძობს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებული მონაცემებით, უკრაინელებმა რუსეთის შედარებით სუსტი თავდაცვით ისარგებლეს და ზოგიერთი მიმართულებით მოწინააღმდეგე უკუაგდეს.
თავისი დოქტრინის შესაბამისად, რუსეთი, სავარაუდოდ, ახლა შეეცდება თავის ხაზში არსებული ხარვეზების გამოსწორებას მობილური სარეზერვო ნაწილების გამოყენებით. მათ შორის, სავარაუდოდ იქნებიან აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის წარმომადგენლები.
რუსეთი ცდილობს უკრაინაში ახალი ძალების მობილიზებას. მე-3 არმიის კორპუსის მოხალისეთა ბატალიონებმა 24 აგვისტომდე დატოვეს ბაზა მოსკოვის მახლობლად და დიდი ალბათობით, ისინი უკრაინაში გადაიყვანეს. ამ დანაყოფების ოპერატიული ეფექტიანობის შესახებ უცნობია.
უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს.
აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ.