საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ომბუდსმენის წარდგენის საკითხს მთლიანად მიანდობენ ოპოზიციურ სუბიექტებს და სამოქალაქო სექტორს.
„საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი რომ იყოს, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური სუბიექტები პირს შეკრავენ და არცერთ კანდიდატურას არ წარადგენენ, იმიტომ, რომ პროცესი დაიბლოკოს, რეკომენდაციების მე-12 პუნქტი არ შესრულდეს და ვერ მოხდეს არჩევა, ანუ ეს თუ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიტოვებთ წარდგენის უფლებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ, პროცესში კანდიდატის წარდგენის გზით არ ჩავერთვებით", - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიას 2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობის უფლებამოსილების ვადა ეწურება.