საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტი შეიქმნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს 12-წლიანი არსებობის მანძილზე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინსტიტუტის განვითარებაში.
„უწყებამ მხარი დაუჭირა ყველა ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოს იურისდიქციის გაფართოებას.
პროკურატურა არის პირველი უწყება, სადაც შეიქმნა მსაჯულთა სასამართლო სისტემაზე მომუშავე სპეციალური დანაყოფი.
ამ დანაყოფის მეშვეობით, სისტემა ჩაერთო ყველა ღონისძიებაში, რომელიც მიზნად ისახავდა საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის სრულყოფას, ინსტიტუტის მოქმედების პრაქტიკული ასპექტების გაუმჯობესებასა და პროცესში მონაწილე პირების კვალიფიკაციის ამაღლებას.
2021-2022 წლების მონაცემების მიხედვით, საგრძნობლად გაიზარდა იმ საქმეების რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომლებსაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს საქართველოში. შესაბამისად, საჭირო გახდა ამ საქმეებზე მომუშავე პროკურორების ჯგუფის რაოდენობრივი და ფუნქციური გაძლიერება.
ამ მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, შეიქმნა დეპარტამენტი, რომელიც დაკომპლექტდა სასამართლო პროცესზე გამომსვლელი საუკეთესო გამოცდილების მქონე პროკურორებით.
დეპარტამენტი კოორდინირებას გაუწევს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საქმეებზე არა მხოლოდ ბრალდების მხარდაჭერის, არამედ, გამოძიების მიმდინარეობის პროცესს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.