სალომე ზურაბიშვილი ელჩების დანიშვნაზე: საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი თქვას, მოუთმენლად ველოდები

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩების დანიშვნაზე ხელმოწერის მიზეზები განმარტა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მის გადაწყვეტილებას დეპოლარიზაციისთვის უნდა შეეწყო ხელი, თუმცა ეს ასე არ იყო აღქმული.

„ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა ან რაღაცის შემეშინდა. იმიტომ, რომ ვიდრე მიმდინარეობდა კონსულტაციების ფორმა და მთავრდებოდა წარდგენით, ყველა წარდგენაზე მე ხელი მოვაწერე, რომ ჩემს გამო არ ყოფილიყო შეფერხება. ჩემი მოსაზრებები არ იქნა მოსმენილი, შეფერხება არ უნდა იყოს და მით უმეტეს იმ დროს, როცა იმართება გაეროს გენასამბლეა სამ კვირაში და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, რომ იქ არ ყოფილიყო სრულუფლებიანი ელჩი წარმოდგენილი“,  - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს მიიღო შვიდი წარდგენა ისე, რომ კონსულტაციები არ გამართულა.

„დღეს ოხ, საკვირველებავ, მივიღე ელჩების თანამდებობაზე შვიდი წარდგენა. მაგიდაზე დამიდეს 7 წარდგენა, რომელიც მე ვიტყოდი არის ერთგვარი პასუხი ხელისუფლების მხრიდან ჩემს გადაწყვეტილებაზე და მგონი, რომ საჭიროა, რომ საკონსტიტუციომ განიხილოს ტექსტები, არსებული პრაქტიკა და ის კონფიდენციალური დოკუმენტები, რაც ამტკიცებს, რომ მუდმივად იყო კონფიდენციალური კონსულტაციები, რადგან პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილია. ამიტომ, საკონსტიტუციომ თავისი თქვას და ამას მოუთმენლად ველი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.