პრეზიდენტი მმართველ გუნდს მოუწოდებს, „ქართული ოცნებიდან“ წასული „ოთხეულის წარმოუდგენელ რიტორიკას“ გაემიჯნოს

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირში ინტეგრეაციისკენ გზაზე მთავრობას აუცილებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ბრიუსელში ასოცირების კომიტეტზე ჩასვლამდე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პრემიერს გეგმის წარდგენა ევალება იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას.

მისივე აზრით, პრემიერმა ბრიუსელში უნდა დაამტკიცოს, რომ ევროპის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს. 

„პირველ რიგში, აუცილებელია, რომ პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა გაემიჯნოს იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორს, ხან ევროკომისიას და ვაბრალებდეთ პარტნიორებს, რომ ომში უნდათ ჩართვა. 

მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ არავის უნდა ომში ჩვენი ჩართვა და არც არავის სჭირდება ჩვენი ომში ჩართვა. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, რომელიც საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის დასრულების შემდეგ არავის სმენია. ცოტა, გონს მოვიდეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რისი გაკეთება ევალება პრემიერს უკვე ნიუ-იორკში ჩასვლისას.

„ევროკავშირში ასოცირების საბჭოს შემდეგ, გაეროში იმართება გენასამბლეა. როგორც ჩანს, პრემიერი აპირებს, რომ იქაც წარადგინოს საქართველო. ასეც იყოს, თუ ასე მიაჩნია, მაგრამ იქ მთავარი საკითხი უკრაინა იქნება. იქაც ჩვენ უნდა გავფანტოთ ეჭვები, რაც შეიქმნას ჩვენ მიმართ. ვიცით სოლიდარობის გამოჩენა თუ არ ვიცით და სოლიდარობა არ ნიშნავს მეორე ფრონტს, ომში ჩართვას. სოლიდარობა არის ის, რაც საქართველომ ძალიან კარგად იცის, როცა მეგობარი არის ომში.

სოლიდარობაა, რომ მორალირად იდგე მის გვერდში და არ აკრიტიკო. სხვა არაფერს გვთხოვენ, არც დამატებით სანქციებს, ესეც ტყუილია. ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ეკადრება საქართველოს და მეგობრულ ურთიერთობას იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენ მსგავსად ოკუპირებულია. ეს არის ის თემა, რომელიც უნდა გამოვაჩინოთ ნიუ-იორკში, იქ სხვა თემა არ იქნება“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უახლოეს მომავალში უნდა გამოჩნდეს, საქართველო თავისუფალი სამყაროს ნაწილია თუ სადღაც კიდევ ვმერყეობთ. ამასთან დაკავშირებით კი, პრეზიდენტის აზრით, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს, მათ შორის ოპოიზიციამაც, თუმცა მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.