საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება 2022 წელს, რუსეთის 3 265-მა მოქალაქემ მოითხოვა - სააგენტო

იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა მსურველთა მიმართვიანობასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა.

„პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის აუცილებელია, რომ პირი წარმოშობით იყოს საქართველოდან და აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

კერძოდ, მოქალაქეობის მიღების მსურველი უნდა იყოს - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, ასევე სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი, რომელიც დღეისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და სურს სამშობლოსთან კავშირის აღდგენა.

სააგენტოში საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით 2022 წელს წარმოდგენილი იყო რუსეთის 3 265 მოქალაქის განცხადება. მათგან საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიენიჭა მხოლოდ 728 პირს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან და ამასთან აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნას საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესახებ“, - აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

მანამდე IDFI-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2022 წელს, პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 1 598 ადამიანს მიენიჭა, მათგან 723 რუსეთის მოქალაქე იყო. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღეს რუსეთის 551-მა და უკრაინის 8 მოქალაქემ.