რუსი სამხედროები ხერსონის ოლქში კარდაკარ კითხვარებით დადიან და ადგილობრივ მოსახლეობას რუსულ პასპორტებს სთავაზობენ. ამის შესახებ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა Telegram-ში განაცხადა.
„კახოვსკის რაიონში, დიდი ლეპეტიხას ქალაქური ტიპის დასახლებაში, რუსეთის ფედერაციის სამხედროები დადიან კარდაკარ და მოსახლეობას სთავაზობენ შეავსონ ფორმები რუსული პასპორტის მისაღებად“, - წერს იანუშევიჩი.
ამავდროულად, რეგიონში მძიმე მდგომარეობაა, გრძელდება საცხოვრებელი უბნების დაბომბვა. „რუსეთის ჯარებმა პრაქტიკულად გაანადგურეს ნოვოვორონცოვსკაიას თემი“, - იუწყება იანუშევიჩი.
„დაბომბვა მთელი საათის განმავლობაში გრძელდება, თემში ბევრია დანგრეული და დაზიანებული კერძო სახლი და ინფრასტრუქტურა. ხალხი იძულებულია იცხოვროს წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე, რადგან საომარი მოქმედებების გამო დაზიანებული ქსელების შეკეთება შეუძლებელია“, - წერს იანუშევიჩი.