"რა არის მთავარი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში - რასაც ქართველი პოლიტიკოსები ჯიუტად არ უწევენ ანგარიშს. ქართველი ამომრჩეველი გაცილებით უფრო ეშმაკი გახდა, ვიდრე მიაჩნიათ პოლიტიკოსებს. ახლა ელექტორატი გაცილებით უფრო ფხიზელი და ეჭვიანია", - განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა Europetime-თან ინტერვიუში, როდესაც ვკითხეთ მომდევნო არჩევნებზე, რამდენად უნდა ველოდოთ ახალ პოლიტიკურ ძალას, რომლის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგება? კულუარულად ან ღიად?
ის აღნიშნავს, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ვერ გამოვიდა ინფანტილიზმის მდგომარეობიდან და მას მუდმივად სჭირდება ვიღაც ერთი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე ლიდერი: "ეს სტალინური მოდელი სულ ტრიალებს ჩვენს პოლიტიკაში და ამათ შორის დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებშიც კი".
- პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ხაზგასმულია რომ მას სჯერა, გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს. 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, პირველივე თვეს დაჰპირდა ქართულ საზოგადოებას, რომ თვითონვე შექმნიდა „ქართული ოცნების“ ჯანსაღ ოპოზიციას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით როგორ ფიქრობთ, მომდევნო არჩევნებზე, რამდენად უნდა ველოდოთ ახალ პოლიტიკურ ძალას, რომლის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგება? კულუარულად ან ღიად?
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბევრი პარტია მიაკითხავს თხოვნით და შეთავაზებით, მათგან ჭეშმარიტი ოპოზიცია შექმნას. ისინიც კი მივლენ, ვინც ახლა კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ. მისკენ მიმავალი გზების ძიებას დაიწყებენ. რა არის მთავარი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში - რასაც ქართველი პოლიტიკოსები ჯიუტად არ უწევენ ანგარიშს. ქართველი ამომრჩეველი გაცილებით უფრო ეშმაკი გახდა, ვიდრე მიაჩნიათ პოლიტიკოსებს. ახლა ელექტორატი გაცილებით უფრო ფხიზელი და ეჭვიანია.
მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ვერ გამოვიდა ინფანტილიზმის მდგომარეობიდან და მას მუდმივად სჭირდება ვიღაც ერთი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე ლიდერი. ეს სტალინური მოდელი სულ ტრიალებს ჩვენს პოლიტიკაში და ამათ შორის დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებშიც კი.
ხალხის დამოკიდებულება რომ ვიღაცამ ყველაფერი იცის; ვიღაცას ყველაფერი შეუძლია... ეს მიეწერებოდა გამსახურდიას თავის დროზე, შემდეგ შევარდნაძეს და სააკაშვილს, ახლა - ბიძინა ივანიშვილს. კარგად მახსოვს, როდესაც ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა და კონსულტაციის სახით ჩემი აზრის გაზიარებას მოითხოვდნენ, ძალიან ბევრს წამოსცდენია, ბიძინა ივანიშვილი მხარს გვიჭერსო. ამაში ხედავდნენ თავის წარმატების გარანტიას. ეს არის პოლიტიკური ინფანტილზმის კულტურის, სამწუხარო დეფიციტი და რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ ეს შეიძლება მოხდეს.
ჩვენს საზოგადოებაშია ასეთი მოთხოვნა. კიდევ ერთი მომენტი - ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, საკმარისად კარგად გრძნობს უკვე საზოგადოებრივ განწყობებს. შეიძლება პირველ ხანებში საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა, მაშინ მასთან ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა. დღეს უკვე საკმაოდ კარგად გაიწაფა და საკმაოდ კარგად გრძნობს საზოგადოების განწყობებს. თუნდაც იმით, რომ მისი მთავარი, ძირითადი ღერძული იდეა იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლა. ამ იდეამ ამოწურა თავისი თავი და შესაბამისად „ოცნება“ კარგავს იმ ფუნდამენტს, რომელზეც ის იყო აგებული და აუცილებლად გაჩნდება სერიოზული ძლიერი ოპოზიციური ძალა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ქართული ოპოზიცია უმწეოდ გამოიყურება, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოჩნდება ახალი ძალა, რომელიც შეძლებს ამ სიტუაციაში თავის ადგილის დაკავებას იმ ვაკუუმის შევსებას, რომელიც არსებობს. ეს შეიძლება არ იყოს ხვალ, ან ზეგ, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება.
_ ბიძინა ივანიშვილი ხომ არ იქნება ამ ოპოზიციური ძალის კულუარული მხარდამჭერი?
როგორც ჩანს, ივანიშვილმა იგრძნო ამის აუცილებლობა და ფიქრობს, რომ შანსი აქვს კონტროლი შეინარჩუნოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ეს კარგი იქნება. ვისურვებდი რომ მას საბოლოოდ გაეწყვიტა პოლიტიკასთან ურთიერთობა. არა იმიტომ, რომ ის ცუდი ადამიანია და დამსახურებები არ აქვს. უბრალოდ ამ განცხადებაში ესეც ვიგრძენი. უწევს, ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს. რომლისთვისაც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის გავლენა პოლიტიკაზე; აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში ღია იქნება, თუ ფარული დაშვებული არ არის. ფარული შეიძლება უარესი იყოს. ღია მხარდაჭერის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა სერიოზულად ვერ აღიქმება საერთაშორისო საზოგადოების თვალში.
_ სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საერთაშორისო საზოგადოების გავლენაც ხომ არ იყო ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მიზეზი? ხელისუფლებაში, იგივე პოლიტიკური ძალის მესამე ვადით მოსვლა, საერთაშორისო საზოგადოების თვალში, ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს აზიანებს. ივანიშვილის მეოთხე ვადით ხელისუფლებაში მოსვლას კი დასავლეთის მხრიდან,გაცილებით მწვავე შეფასება მოჰყვება. პოლიტიკაში ივანიშვილის საჯარო ჩართულობის შეწყვეტა და პოლიტიკიდან წასვლა, მომდევნო არჩვენებისთვის მზადებითაც ხომ არ იყო განპირობებული?
ვერ გეტყვით მომავალში ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობა ფარული იქნება თუ ღია. სავარაუდოდ, თვითონ არ მოინდომებს, აქტიურად ჩაერთოს ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა სადავეები ხელში ეჭირება. დღეს ოპოზიციური ძალების ხელოვნური მოდელირება ისევე შეუძლებელია, ყველას ახსოვს რაც მოხდა 2011 წელს - ექსპერტების, ჟურნალისტების პოლიტიკოსების კონსოლიდირება. ასეთი რამ დღეს, ან სამომავლოდ შეუძლებელია. ძალიან იოლად მჟღავნდება ხოლმე ფარული აქტივობები. ასე რომ ,ასეთ წამოწყებას დიდ წარმატებას არ ვუწინასწარმეტყველებ.
_ივანიშვილის ქოლგის ქვეშ, ახალ პოლიტიკურ ძალებში რამდენად მოსალოდნელია კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ 2016 წლამდე წასული პოლიტიკოსების და პარტიების ნახვა?
ძალიან ძნელია, ძველი ინგრედიენტებისგან ახალ კერძის შექმნა. გავლენიანი ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, აუცილებელია ახალი ძალების ახალი პერსონალების გამოჩენა. პერსონალები, რომლებიც განახლებულად მაინც შესთავაზებენ საკუთარ თავს საზოგადოებას.
_ ამომრჩევლის კრიტიკული აზროვნების გაზრდაში, სოციალურმა მედიამაც ხომ არ იქონია გავლენა?
_ რა თქმა უნდა, სოციალური მედია უწყობს ხელს. ასევე მრავალწლიანი გამოცდილება. ადრე ხშირად ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ. მეტაფორული შედარება რომ გავაკეთოთ, ჩვენი სოციალური საზოგადოებრივი აზროვნება მკვეთრად შეცვალა „დეზერტირების ბაზარმა“. ეს გულუბრყვილო „სადღეგრძელოების მოყვარული ამომრჩეველი” რომელიც ყლაპავდა ნებისმიერ რაღაცას, იქცა ანგარიშიან, გამთვლელ, რაციონალურ არსებად. შეიძლება ეს არ იყოს მაღალი დონის რაციონალიზმი, მაგრამ ყოფითი რაციონალიზმი მაინც ჩანს. ასე რომ, სხვა ელექტორატთან აქვთ საქმე და პოლიტიკოსებს ჯიუტად ამის დანახვა არ სურთ. ცდილობენ, გაიმეორონ 90-იანი წლების მოდელები. საზოგადოება მართლა სერიოზულად იზრდება. ამიტომაც არ მგონია, ივანიშვილი ისეთი გულუბრყვილო იყოს, რომ ჩათვალოს, თუ ის მხარს დაუჭერს უკვე არსებულ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, ის ოპოზიციური ძალა უცბად იქცევა გავლენიან პოლიტიკურ მოთამაშედ.
მე შემიძლია დაგპირდეთ, რომ 2024 წლის არჩევნებზე ასეთი ხელოვნურად კონსოლიდირებული ძალა უკეთეს შემთხვევაში აიღებს 17-18 პროცენტს და არა უმეტეს. ამასაც ძალიან ვაჭარბებ ახლა.
გარკვეული ელექტორატი ისევ არსებობს, რომლისთვისაც ბიძინა ივანიშვილი უმაღლესი ავტორიტეტია. ამ ელექტორატის მობილიზებას მოახდენს ახალი ძალის ირგვლივ. არ მგონია, ტოტალურ წარმატებას მიაღწიოს.
_სწორედ აქედან გამომდინარე, ხომ არ არის მოსალოდნელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რამდენიმე ძალა ვიხილოთ. ძალა, რომელსაც ივანიშვილი ღიად უჭერს მხარს და მის მხარდამჭერ ელექტორატს აითვისებს. ასევე ძალები რომლის უკან შესაძლოა ივანიშვილი იდგეს, მაგრამ არა საჯაროდ, კულუარულად?
ხმების დივერსიფიცირება ნამდვილად მოხდება. ამას საუბარიც არ უნდა. ის 48 პროცენტი რაც „ქართულ ოცნებას“ ახლა ჰქონდა არჩევნებზე, მომდევნო არჩევნებზე საოცნებოდ თუ ექნებათ. „ქართული ოცნება“ ასეთ შედეგს ვეღარ გაიმეორებს ვერასოდეს. კორონავირუსმა ძალიან დიდი როლი შეასრულა 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში. კოვიდის ფაქტორი რომ არ ყოფილიყო, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან მიდოდა ამ არჩევნებზე, იმდენად სწრაფად ეცემოდა მისი რეიტინგი. კოვიდმა გადაარჩინა. კოვიდმა და ოპოზიციის სრულიად უმწეო ქცევამ, თორემ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან წასვლა უწევდა.
გონიერი რაციონალური, ენერგიული პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ხელოვნურად ვერ შექმნი, ინკუბატორში ვერ გამოიყვან, ბუნებრივად უნდა დაიბადოს. ახალი ლიდერის გამოჩენისთანავე თავდაყირა დადგება ყველაფერი ქართულ პოლიტიკაში.