„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე 2013 წელს პოლიტიკიდან წასვლის ფორმას, ახლანდელი გადაწყვეტილების ფორმისგან მიჯნავს და განმარტებებს აკეთებს.
„აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას და გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან. რამდენიმე საბჭო გვქონდა პარტიაში, მის წევრებთან თვეების განმავლობაში მქონდა საუბარი წასვლის შესახებ. მაქსიმალურად ვახსენებდი, თუ რადგან სიტყვას არ დავარღვევ, საჯაროდ ვიტყვი, რომ ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება პოლიტიკურ თემაზე
ბოლო განცხადებაში, როდესაც გავიხსენე 2011 წელი, მხედველობაში მქონდა, რომ მე საჯაროობას ვწყვეტ და ალბათ ბოლო ინტერვიუ იქნება თქვენთან. რამდენიმე უცხოურ მედიას აქვს სურვილი გუშინდელი განცხადების შემდგომ და შეიძლება, ხვალ-ზეგ ეს გავაკეთო და ამის შემდგომ ვუბრუნდები ჩემს ცხოვრებას, რომელიც მე ძალიან მომწონდა და მომწონს დღესაც.
არც მხარდამჭერი არ ვიქნები „ქართული ოცნების“, ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება. აღარ იქნება არანაირი ინტერვიუ, არანაირი საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდის წევრთან, შენიშვნის მიცემა, რომ აი, შენ ეს კარგად არ გააკეთე ან არ გამოგივიდა.
მე ეს რამდენჯერმე გამეორებული მაქვს გუნდთან, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ნუ აკადრებთ თქვენ თავს და ნუ მაკადრებთ მე, ნუ დამირეკავთ კონსულტაციებისთვის. აი, ეს არის განსხვავება, რაც იყო ადრე და რაც არის დღეს. ადრეც როგორც ვამბობდი და ისე ვაკეთებდი, დღესაც ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ როგორც ვამბობ, ასე შევასრულებ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით ახლანდელი წასვლა პოლიტიკიდან არსებითად განსხვავდება 2013 წლის გადაწყვეტილებისგან და ის ყოველთვის ასრულებს, იმ პირობას რასაც დებს.
„2013 წელს ვამბობდი, რომ პოლიტიკაში არ დავბრუნდები, თუ ამის საჭიროება არ იქნება, მაგრამ მესამე ჩაკითხვაზე და უფრო გვიან, აუცილებლად ვპასუხობდი, თუ აუცილებელი გახდა, პოლიტიკაში დავბრუნდები, რათა არ დავანგრიოთ მიღებული შედეგი.
ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობდი, რომ რჩევებს მივცემ გუნდს და დავეხმარები კიდეც. რასაც ვამბობდი, იმას ვაკეთებდი, ეს მჩვევია. ოპონენტები ამას ვერ შეეგუენ და რაღაცებს იგონებდნენ, მაგრამ არაფერი ამით არ დამირღვევია. ამასაც არ ეწოდებოდა არაფორმალური, რადგან რჩევების მიცემა არავის აუკრძალავს, თანაც გუნდისთვის.
მაშინ გუნდს მე ღიად ვეხმარებოდი და მხარს ვუჭერდი არჩევნების დროსაც, სატელევიზიო გადაცემებში ვმონაწილეობდი, ვახასიათებდი მათ, ვაქებდი შესაქებს, კონკურენტებს ვაკრიტიკებდი და ა.შ. ძალიან აქტიური მხარდამჭერი ვიყავი „ქართული ოცნების“ და მქონდა ძალიან დიდი სურვილი, რომ გუნდი გაძლიერებულიყო, ის თამასა დაეჭირა, რაც ჩვენ დავაწესეთ. მისვამდნენ კითხვებს, თქვენ ზედმეტი გავლენა გაქვთ, არაფორმალურად მართავთ. მუდამ ვახსენებდი საზოგადოებას და დღესაც გავიხსენებ, რასაც ვამბობდი - მაქვს ჭარბი ნდობა საზოგადოების და ეს არის ჩემი ძირითადი კოზირი. სხვა რესურსი არანაირი არ გამაჩნია. ის, რაც საზოგადოებისგან გამაჩნია, საზოგადოებასვე მინდა მოვახმარო, თუ ხელისუფლებაში ვინმე თამაშის წესებს დაარღვევს, იქნება კორუფცია, იქნება გადაჭარბებული ძალის გამოყენება ან რაღაც მსგავსი, რაც მიუღებელია „ქართული ოცნების“ ხელწერისთვის, ხმას ამოვიღებ.
ანგარიშს მიწევდნენ, რადგან იცოდნენ, რომ არ გავჩერდებოდი. აი, ასე ვახასიათებდი მაშინდელ ჩემს პოზიციას, რომ მე ვიყავი მომართული, აქტიური დამხმარე და მხარდამჭერი „ქართული ოცნების“, მაკონტროლებელიც და მაკრიტიკებელიც, თუ გნებავთ. არ ვმალავდი, თუ ჩვენი რომელიმე ჩინოვნიკი არ მოიქცევა ისე, როგორც ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, წარსულსა და ისტორიას შეეფერება, მე არ გავჩერდები. სწორედ ამას ეძახდნენ დაჟინებით ოპონენტები არაფორმალურს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.