მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესაებ თბილისის მერია ავრცელებს.
მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 715 000 ლარი დაიხარჯა.
პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს ჰიდროიზოლაცია მოეწყო და ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი 2 300 კვ.მ ფართობზე დაიგო.
„ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ფაზა - გზის დაგება, რაც დღეს, საღამოს მთლიანად დასრულებული იქნება. ამის შემდეგ „თბილსერვის ჯგუფი“ არსებულ ტერიტორიას დაასუფთავებს და დროებითი დახაზვა მოხდება. საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, მეტეხის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შენარჩუნდა ისტორიული მოაჯირები, შეიცვალა საფეხმავლო ფილები, სადრენაჟე სისტემა მთლიანად გამოიცვალა. ასევე, არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა, რომელიც ხიდს სჭირდება. პროექტით ესეც შესრულდა. გაკეთდა ღამის მინათებები. საკმაოდ ეფექტური და ლამაზი პროექტი გამოვიდა“, - განაცხადა კალაძემ.
დასრულებული სამუშაოები, მერთან ერთად, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან ნაროუშვილმა, ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა, ასევე, კრწანისისა და ისნის რაიონების მაჟორიტარმა დეპუტატებმა - ლევან ჯაფარიძემ და კახა ლაბუჩიძემ დაათვალიერეს.