საქართველოს ლიდერები და ყველა ქართველი უნდა ფოკუსირდეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, წარმართოს ძალიან ნორმალური პროცესი, ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოგვარდეს ეს 12 რეკომენდაცია.
„ეს ძალიან ძლიერ სიგნალს გაუგზავნის ევროკავშირს“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებული განსხვავებული შეხედულებების გაერთიანება მოხდეს. „კარგი სამუშაო მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდეს 12 რეკომენდაცია, ახლა ამოცანა არის ამ შეხედულებების თავმოყრა ერთიან დოკუმენტში, სადაც საქართველოში არსებული მრავალფეროვანი შეხედულებები იქნება წარმოდგენილი. ევროკავშირს სურს ამ ხმების ერთიანობის ხილვა, ძლიერი პასუხი 12 რეკომენდაციაზე, რომელშიც ბევრი ხმა იქნება გაერთიანებული“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
გაეცანით Europetime-ს სტატიას: