პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით კანონი საბოლოოდ დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარეს კენჭი, რასაც მხარი მხოლოდ 20- მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, 68 დეპუტატი წავიდა.

შემდეგ, კენჭისყრაზე დადგა პარლამენტის მიერ 7 ივნისს მიღებული და ვეტოდადებული კანონპროექტი, რომელსაც მხარი 79 - მა დეპუტატმა დაუჭირა, 27 დეპუტატი კი, წინააღმდეგი წავიდა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, მიღებული კანონპროექტი მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს.

„სამწუხაროა, რომ მაშინ, როდესაც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების გაცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრი პირველად იმყოფება ბრიუსელში და აწარმოებს მოლაპარაკებებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე, იმავე დროს პარლამენტი აპირებს დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და საბოლოოდ მიიღოს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მომავალს. იზრდება სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელთა მიმართებითაც შესაძლებელია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ასევე იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები“,- აღნიშნა მომხსენებელმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არც კომიტეტის სხდომაზე და არც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე არ ყოფილა წარდგენილი. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იყო არაერთი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

„პრეზიდენტს შეუძლია, გამოიყენოს ვეტოს უფლება, თუმცა ეს არ არის ლიტონი სიტყვები. კანონმდებლობა ავალდებულებს პრეზიდენტს, რომ პარლამენტს წარუდგინოს მოტივირებული შენიშვნები. კონსტიტუციურ სამართალში ეს აღიარებული აქსიომაა, რომ ამ შემთხვევაში აქ ხდება არა მხოლოდ ფარატინა ქაღალდის გამოგზავნა პარლამენტში, არამედ, საუბარია მოტივირებულ შენიშვნებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. სუსპენზიური შეყოვნებითი ვეტოს უფლება, როდესაც პრეზიდენტს შეუძლია შეაჩეროს კანონის ამოქმედება, დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს და პარლამენტმა შემდგომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე. ეს არის კონსტიტუციური დოგმა და საკანონმდებლო მოთხოვნა, რაც პრეზიდენტმა და მისმა წარმომადგენლობამ ელემენტარულ დონეზეც ვერ უზრუნველყვეს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტის განხილვების დროს ინიციატორებმა გაითვალისწინეს გამოთქმული შენიშვნები.

„სახელმწიფომ რაღაც ეტაპზე მიიჩნია, რომ ტერორიზმთან ერთად ფარული საგამოძიებო მოქმედება დაშვებული უნდა იყოს ისეთ დანაშაულებთანაც, როგორიცაა, მაგალითად, ეთნიკური შუღლის გაღვივებასთან დაკავშირებული დანაშაული. თუკი პრეზიდენტის მხრიდან იქნებოდა განსხვავებული შეხედულება რომელიმე კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ეს არის ამისთვის ერთადერთი ადგილი (პარლამენტი), თუმცა უნდა იყოს მოტივირებული შენიშვნების სახით და არა ზოგადი „მოტივირებული შენიშვნები“ და ასეთი უშენიშვნო იყოს „მოტივირებული შენიშვნები“. ინიცირებულ ვერსიაში 20 მუხლით მეტი იყო გათვალისწინებული, რაზეც საგამოძიებო მოქმედება უნდა დაშვებულიყო. ვიმსჯელეთ და ვთქვით, რომ არ იქნება მართებული ეს დანარჩენ 20 მუხლზე გავრცელდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.