ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და არ არსებობს არანაირი მოკლე გზა ან გადახვევა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საქართველო არის ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი. ეს განსაკუთრებული შეხვედრაა, იმიტომ რომ ევროკავშირის ლიდერების მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შემდეგ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა პირველად იმართება. ეს ნამდვილად ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირს აქვს ნაკისრი ვალდებულება, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი ურთიერთობები და საქართველოს ამბიციები გაამართლოს, თუმცა ეს ამბიციები, როგორც ყოველთვის, მომდინარეობს თავისი პასუხისმგებლობით.
ეს პასუხისმგებლობა არის უპირველეს ყოვლისა, რეფორმების გაგრძელება, განსაკუთრებით იმ 12 პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოვლენილი იყო ევროკომისიის მიერ. მეორე პასუხისმგებლობა მომდინარეობს იქიდან, რომ შესუსტდეს პოლარიზაცია მთელ პოლიტიკურ სპექტრში და აქცენტი გაკეთდეს ყველას საერთო ძალისხმევაზე, რათა გაცხადებული მიზანი იყოს შესრულებული.
ეს არამარტო მთავრობამ უნდა შეძლოს, არამედ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა და მთელმა საზოგადოებამ. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. არ არსებობს არანაირი მოკლე გზა ან გადახვევა. არსებობს პოლიტიკური ნება, რომელიც შედეგებში გადაიზრდება. მხოლოდ ხილვადი, ხელმისაწვდომი და ხელშესახები შედეგები განაპირობებს ამ გზაზე წინსვლას.
პერსპექტივა ძალიან ნათელია: როდესაც საუბარი არის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, პოლიტიკური კულტურა, ინკლუზიურობა, დემოკრატიის პრინციპები, სამართლის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, ეს ყველაფერი არის ჩვენი ფუძემდებლური პრინციპები. საქართველომ გადაწყვიტა, ევროპულ გზას შეუდგეს და ეს პასუხისმგებლობა იკისროს. ახლა აქტუალურია ამ დანაპირების შესრულება.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს მთელი ერის კონსენსუსის საფუძველზე განხორციელებული. ამაზე უნდა იმუშაოს ყველამ ერთად - არამარტო მთავრობამ, არამედ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ პროცესს ვუწოდებთ ინკლუზიურ პროცესს.
მასში უნდა აისახოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი, რათა ევროკავშირს დაუკავშიროს თავისი მომავალი. ხაზი მინდა გავუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ამ გზაზე ყველა მოთამაშე ასრულებს თავის როლს, თუმცაღა მთავარი პასუხისმგებლობა გამოკვეთილია.
ეს განსაკუთრებით არ არის მარტივი არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მაგრამ თქვენ მარტონი არ ხართ. ევროკავშირი და მისი ყველა პოლიტიკური ინსტიტუტი თქვენთან არის და მზად არის თქვენს დასახმარებლად“, - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.