დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფისა“ და „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაცია გამართა.
როგორც კახა კალაძემ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იმისთვის, რომ თბილისი ევროპის დედაქალაქებს შორის ტურისტული თვალსაზრისით ლიდერი იყოს, მუნიციპალიტეტი არაერთ პროექტს ახორციელებს.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერითა და თანადგომით „თბილსერვის ჯგუფისთვის“ 74 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა. აქედან 59 ერთეული უკვე თბილისშია და დედაქალაქს ხვალიდან მოემსახურება.
„ჩვენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით და თანადგომით შევიძინეთ 74 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების სპეცტექნიკა. აქედან 59 ერთეული უკვე თბილისშია, დარჩენილი 15 ერთეულიც რამდენიმე დღეში ჩამოვა. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო სუფთა, მოწესრიგებული და რა თქმა უნდა, ხვალიდან ეს ტექნიკა დაიწყებს მუშაობას დედაქალაქის ქუჩებში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს ამ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ყველა წამოწყება, მათი მხარდაჭერით ხორციელდებოდა დღემდე. რა თქმა უნდა, მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.