ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანთან საზღვრების გახსნით

სომხეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანთან საზღვრების გახსნით და ამ პროცესის დასრულებას რუსეთის მხარდაჭერით ელის. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე განაცხადა. 

ფაშინიანმა 2021 წლის 11 იანვარს მოსკოვში გაფორმებულ შეთანხმებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მაშინ შეთანხმებული პროექტის თანახმად, ერევანი სატრანსპორტო მარშრუტებს აზერბაიჯანის ტერიტორიით, ხოლო ბაქო - სომხეთის ტერიტორიით მიიღებს.

„გლობალური თვალსაზრისით, ეს არის ახალი საერთაშორისო სავაჭრო გზების გახსნის შესაძლებლობა და უნდა ითქვას, რომ ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამით და ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხს უახლოეს მომავალში რუსეთის მხარდაჭერით მოვაგვარებთ“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. 

ფაშინიანის თქმით, სომხეთი ასევე ითვალისწინებს რუსეთის მხარდაჭერას აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში, მათ შორის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე. „რუსეთის ფედერაცია აზერბაიჯანისთვისაც ძალიან ახლო პარტნიორია და ვფიქრობ, რომ ეს ხსნის შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. 

ამასთან, მისი თქმით, ერევანს ანკარასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის იმედი აქვს. „ჩვენ დავიწყეთ საუბარი თურქეთთან. იმედი გვაქვს, რომ რუსეთის მხარდაჭერით ამ ქვეყანასთან ურთიერთობებს გავაუმჯობესებთ“, - განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.