კელი დეგნანმა აშშ-ის საელჩოს სახელით, რაჭაში პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად მზაობა გამოთქვა

აშშ-ის საელჩო საქართველოში, ელჩი კელი დეგნანის რაჭაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

„რაჭა უდავოდ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა, როგორც თვალწარმტაცი პეიზაჟების, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის სიმდიდრის გამო. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ელჩმა დეგნანმა საელჩოს სახელით გამოთქვა მზაობა რაჭაში პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფრმაციაში. 

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, კელი დეგნანმა მასპინძლებს, ასევე, ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის შესახებაც უამბო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს არაერთი ისტორიული ძეგლი შენარჩუნდა.

„დღემდე, ამერიკის მთავრობას ოცი პროექტი $2 მილიონით აქვს დაფინანსებული საქართველოს სხვადასხვა საგანძურის გადასარჩენად. მადლობას ვუხდით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძეს, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ქრისტინე კობახიძესა და მოადგილე ლაშა ჭიჭინაძეს საინტერესო შეხვედრისთვის, თანამშრომლობისა და მასპინძლობისთვის. აგრეთვე, დიდი მადლობა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვედრაში მონაწილეობისათვის“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.