რუსეთმა უკრაინას, ბრიტანელი მოხალისის, პოლ ურის ცხედარი გადასცა

უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას, ბრიტანელი მოხალისის, პოლ ურის ცხედარი გადასცა. პოლ ური ზაპოროჟიეს მახლობლად დააკავეს და მოგვიანებით, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ტყვეობაში გარდაიცვალა.  

დიმიტრი ლუბინეცი ირწმუნება, რომ ურის ცხედარს წამების ნიშნები ეტყობა და ვარაუდობს, რომ მასზე იძალადეს. 

„ადამიანი უბრალოდ ვერ გაუძლებს ასეთ წამებას. მე ვნახე გარდაცვლილის ცხედრის ფოტო და ეჭვგარეშეა რომ ის აწამეს. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა  რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის ტრიბუნალისთვის“, - აცახდებს ლუბინეცი.  

45 წლის პოლ ური 25 აპრილს ზაპოროჟიეს მახლობლად საგუშაგოს გავლისას დააკავეს. ინფორმაცია ბრიტანეთის მოქალაქის დაღუპვის შესახებ ივლისში გავრცელდა.