უკრაინაში რუსმა სამხედროებმა ჰუმანიტარულ დახმარებაში ჩართული ორი ბრიტანელი მოხალისე დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორი ბრიტანელი კაცი სამხრეთ უკრაინაში, ქალაქ ზაპოროჟიეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დააკავეს.
როგორც ცნობილია, მოხალისეები დამოუკიდებლად მუშაობდნენ, თუმცა კავშირი ჰქონდათ Presidium Network-თან. ბრიტანელები უკრაინული ოჯახის ევაკუაციას ცდილობდნენ. მათთან კონტაქტი ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ ორშაბათს დილით დაკარგა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.