როგორ ნადირობს რუსეთის უშიშროების სამსახური ახალგაზრდა აქტივისტებზე, რათა ისინი ინფორმატორებად აქციოს, ამ თემაზე CNN-მა სტატია მოამზადა და წერს მიხაილ სოკოლოვზე, რომელიც გამოცემის ცნობით, ახლა ამსტერდამში იმყოფება და თავშესაფარს ითხოვს.
მიხაილ სოკოლოვი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მოსკოვისთვის მუშაობდა და საკუთარ კოლეგებს უთვალთვალებდა.
სტუდენტობიდან ჯაშუშობამდე
სოკოლოვი იხსენებს, როგორ აარიდა თავი სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
„დამიბარეს შეხვედრაზე, სადაც FSB-ს ოფიცერი დამხვდა. ოფიცერმა მითხრა, რომ არჩევანის საშუალებას მომცემდნენ: უნდა დავთანხმებულიყავი თანამშრომლობაზე ან ციხეში წავსულიყავი ორი წლით“. სოკოლოვი ამბობს, რომ მას ეშინოდა ციხის, სადაც ძალადობის შესახებ ბრალდებები ხშირია და გადაწყვიტა, რომ FSB-ს წინადადებაზე დათანხმება იყო მისთვის ერთადერთი გამოსავალი.
სოკოლოვი ამბობს, რომ ის FSB-ის თანამშრომლებმა გაგზავნეს საქართველში, რათა შეეღწია მზარდ რუსულ დიასპორაში, რომლის წარმომადგენლებმაც რუსეთში რეპრესიებს აარიდეს თავი.
„მათ ეგონათ, რომ ქართული უშიშროების სამსახური ამერიკული CIA-ს ხელმძღვანელობით იბირებს რუსული ოპოზიციის წევრებს“, - ამბობს სოკოლოვი და აღნიშნავს, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება კვლავ ვერ დაინახა.
CNN კიდევ ერთ აგენტზე წერს. მისი ინფორმაციით, ვსევოლდ ოსიპოვი სულ რაღაც 19 წლის იყო, როდესაც ჯაშუშობას დათანხმდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის მაისში, ნავალნის დაპატიმრების წინააღმდეგ გამართულ აქციასთან დაკავშირებით დააკავეს.
„სხვადასხვა დავალება მქონდა. მიწევდა კონკრეტულ ადამიანებთან შეხვედრა, გაცნობა. მაგალითად,მათ შორის იოყ რუსი ოპოზიციონერი იაროსლავ კონვეი და საქართველოში ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ მთავარი კოორდინატორი ანტონ მიხალჩუკი“, - ამბობს ოსიპოვი.