საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბიუჯეტო თანხების მითვისების ფაქტზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალდება წარუდგინა.
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივნისის წერილი, საბიუჯეტო თანხების მითვისებასთან დაკავშირებით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა 4 547 ლარი.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) წარედგინა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.