ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც ლიეტუველი და რუსი ტურისტები, თბილისის ნაცვლად გომბორზე დატოვა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ტაქსის მძღოლი, ამირან ბოკუჩავა უდანაშაულოდ ერთხმად ცნეს.

მას რუსეთისა და ლიეტუვის მოქალაქეების თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებოდა ბრალად. ბრალდებულს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

შემთხვევა 2022 წლის 11 აპრილს მოხდა. ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტიდან წამოყვანილი რუსეთისა და ლიეტუვის მოქალაქეები ტაქსისტმა გომბორთან დატოვა.

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ მგზავრებსა და ტაქსის მძღოლს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურისტებმა მძღოლს რუსულად ლაპარაკი მოსთხოვეს, მან კი უკრაინული სიმღერები ჩართო.

„ორი მამაკაციდან, ერთი იყო რუსეთის მოქალაქე, მეორე ლიეტუვის. საქართველოში შეხვდნენ ერთმანეთს. ჩაუსხდნენ მანქანაში, ესაუბრებოდნენ რუსულად, ამირან ბოკუჩავა ესაუბრებოდა ინგლისურად. თავდაპირველად მათ მოსთხოვეს სრულიად საუბარი, რაზეც [მძღოლმა] უარი თქვა. ამის შემდეგ მან ჩართო უკრაინული სიმღერა, რაზეც მოსთხოვეს რომ გამოერთო. შემდეგ წავიდა სიტყვიერი კონფლიქტი რუსეთ-უკრაინის თემაზე.

ვინაიდან ამირანი განაწყენდა, რომ ისინი პატივს არ სცემდნენ საქართველოს და უკრაინას, იმის ნაცვლად, რომ წაეყვანა სასტუმროში, წაიყვანა გომბორის მიმართულებით, გააჩერა ავტომობილი და უთხრა: წადით თბილისში ფეხით. ისინი არ გადადიოდნენ ავტომობილიდან, ამირანი გადავიდა, გადმოუღო ბარგი და უთხრა, გადმოდითო. ისინი გადმოვიდნენ, მძღოლმა დაქოქა მანქანა და წამოვიდა. ამის შემდეგ მათ დარეკეს პოლიციაში და განაცხადეს, რომ თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ. თანხის ისტორია მოგონილია". 

პროკურატურა ამ ვერსიას სიცრუეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ კონფლიქტი მგზავრობის შეუსაბამოდ მაღალი საფასურის გადახდაზე უარმა გამოიწვია, რის შემდეგაც მძღოლმა მგზავრებს თავისუფლება აღუკვეთა და დაუსახლებელ ტერიტორიაზე წაიყვანა.