პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 16 პირს, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 16 პირს, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, 14 პირი, ფულადი თანხის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაციას ეწეოდა. ასევე 2 ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს.

„საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენის, შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ფაქტზე 14 პირს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ჩატარებული გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების, მათ შორის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ 14 პირი, ფულადი თანხის სანაცვლოდ, ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაციას. ასევე 2 ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს. 2022 წლის 16 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, სასამართლოს შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, ეტაპობრივად ჩატარდა ზემოხსენებულ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკები, რის შემდგომაც მოხდა მათი დაკავება.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილებით, აგრეთვე 19,260-ე მუხლის მეხუთე, 19,261-ე მუხლის მეოთხე და 261-ე მუხლის მეშვიდე ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.