2021 წელი სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა დღეს პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 2021 წლის ბოლოს უკრაინასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ არსებითად დააზიანა რეგიონის უსაფრთხოების გარემო და საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის დამატებითი გამოწვევები შექმნა.
გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, მომატებული საფრთხეების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახდენდა.
„საანგარიშო წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მუდმივ რეჟიმში ხორციელდებოდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, ხდებოდა აღნიშნულ კამპანიებში ჩართული პირებისა და ორგანიზაციების, ასევე, მათი დაფინანსების წყაროებს გამოვლენა. შესაბამისი დანაყოფების მიერ დგინდებოდა ცალკეულ აქტორებს შორის ურთიერთკავშირები და მათ მიერ საქმიანობაში გამოყენებული მეთოდები. მიმდინარეობდა მოსალოდნელი რისკების შეფასება და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
2021 წელს კიდევ უფრო გააქტიურდა თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და, ზოგადად, უსაფრთხოების სისტემაში შემავალი უწყებების მიმართ წარმართული დეზინფორმაციული კამპანიები. პოლიტიკურად დაინტერესებული და ანგაჟირებული პირები სამსახურის მისამართით ავრცელებდნენ აბსურდულ, დამაზიანებელ ბრალდებებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების სექტორის წინააღმდეგ მიმართული მსგავს დეზინფორმაციაზე დაფუძნებული კამპანიები ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას, რაც ნოყიერ ნიადაგს უმზადებს მტრულად განწყობილ ძალებს თავისუფალი მოქმედებებისათვის“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.