ქვემო ქართლში შვილის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს

სამართალდამცავებმა შვილის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით 42 წლის კაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შიდა ქართლში, მამამ 20 წლის შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული შ.ა. ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2002 წელს დაბადებულ შვილს - ს.ა.-ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. ს.ა.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა შესაბამისი საგამოძიებო, ასევე, საპროცესო მოქმედებების შედეგად, შ. ა. შეტყობინების მიღების დღესვე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და გენდერის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლითა და 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.