უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პარტნიორები, რომლებიც კიევის მოთხოვნებს, იარაღის მიწოდებით პასუხობენ, ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებებში მონაწილეობენ. კულებას შეფასებით, იარაღის სწრაფი მიწოდება გამარჯვებას და მშვიდობას აახლოებს.
„იარაღი, იარაღი, იარაღი ჩვენს დღის წესრიგში გაზაფხულიდან აქტუალურია. მადლობელი ვარ პარტნიორების, რომლებმაც უპასუხეს ჩვენს მოწოდებებს: უკრაინის ბრძოლის ველზე ჩვენს წარმატებებს ერთად ვიზიარებთ. დღის წესრიგში ახლა მნიშვნელოვანია - განრიგი, განრიგი და განრიგი. სწრაფი მომარაგება გამარჯვებას და მშვიდობას აახლოებს“, - წერს კულება Twitter-ზე.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში, 3000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავეს, რაც იმაზე მეტია, ვიდრე რუსულმა ძალებმა დაიკავეს აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის დროს.