საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში განაცხადა, რომ დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი საუბარია სასამართლო რეფორმაზე, რომელიც ერთ-ერთი და მთავარი გასაკეთებელი საკითხია ჩვენი ევროპული გზისათვის
სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ამ რეფორმების დროს საჭიროა გავიხსენოთ ის, რაც ჩვენს ტრადიციებში არსებობს (სვანეთშიც.. თუშეთშიც, მაგრამ სვანეთში ბევრად უფრო დახვეწილი და განვითარებული ფორმით) და გამოვიყენოთ სვანური სამართლის ძეგლები“.
„მაგალითად, დღეს ძალიან საჭიროა მედიატორობა, სასამართლოები უკვე ვეღარ ასწრებენ სარჩელების შესწავლას და ამდენად, ეს მედიატორის ინსტიტუტი ახალ მნიშვნელობას იძენს და ძალიან პოპულარულია. ეს ტრადიცია აქ არსებობს და რატომ ვიგონებთ ახალს, რაც უკვე გამოგონილია და აქ, სვანებმა უნდა თავიანთი თავი და იდენტობა გამოაჩინონ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ეროვნულ თანხმობაზე.
მისი თქმით, საზოგადოებას მართლაც უნდა დაწყნარება და მართლაც უნდა ერთობა, რომელიც გააძლიერებს ქვეყანას.
„ეს მხარე დღემდე ასე ძლიერი სწორედ იმიტომ მოვიდა, რომ თქვენ იცით ერთობის მნიშვნელობა. მე მინდა, სვანეთიდან, ვთქვა, რომ არ ვეშვები და ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ვნახავ სადამდე მივალ, ეს მხოლოდ ჩემს ხელში არაა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ეროვნული თანხმობა ჩემი ახირება არ არის, ეს საზოგადოების დაკვეთაა!
საზოგადოებას მართლაც უნდა დაწყნარება და მართლაც უნდა ერთობა, რომელიც გააძლიერებს ქვეყანას. ამის მაგალითი პირდაპირ უკრაინიდან მოდის. თუ არა ერთობა, უკრაინა დღეს დამარცხებული იქნებოდა და თუ აქამდე გაძლო (და თუ ნაწილობრივ უკვე გამარჯვებულია და ვუსურვებ სრულიად გამარჯვებას), ეს იმიტომ, რომ ერთიანი იყო, ერთიანი არის და ერთიანი იქნება! ეს ჩვენც შეგვიძლია. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ეს შეგვიძლია და ეს არ შეიძლება დავივიწყოთ!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.