შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანთან - ნიკოლ დე მურთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
"ვახტანგ გომელაურმა სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიმდინარე რეფორმების თაობაზე. თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული საქმიანობა
ე.წ. გასვლის კონტროლის მექანიზმის ეფექტიანი განხორციელების კუთხით, რაც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენციას. ამასთანავე, ნიკოლ დე მურმა ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამართალდაცვით სფეროში საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს.
ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს დელეგაცია ასევე ესტუმრება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ადგილზე გაეცნობა მუშაობის სპეციფიკას და არსებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.