„აქაური ქართველებისთვის, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა უფრო თვალშესახები უნდა იყოს“ - ექსკლუზივი

საქართველოში, კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენისთანავე, დე ფაქტო მთავრობამ, ენგურის ხიდი ჩაკეტა. მას შემდეგ, გალში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას სრულად მოწყვეტილია.

ვირუსი, კონფლიქტის ზონაშიც ისევე გააქტიურდა, როგორც საქართველოს სხვა ტერიტორიაზე. გალის რაიონში, ამ ეტაპზე ორი სოფელი - საბერიო და ჩეღალია ჩაკეტილი.

როგორ მიმდინარეობს ტესტირების პროცესი, როგორია საზოგადოებაში განწყობები, რა პრობლემები აწუხებს ამ ეტაპზე ადგილობრივ მოსახლეობას და რას სთხოვენ მთავრობას, „ევროპათაიმი“ გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრს, რ.ს.-ს ესაუბრა.

„მოგეხსენებთად, კორონავირუსი ენგურჰესის რამდენიმე თანამშრომელს დაუდგინდა. ამ ეტაპზე ჰესში მხოლოდ ის ხალხი მუშაობს, რომელთა ადგილზე ყოფნაც ძალიან აუცილებელია. სხვა თანამშრომლები დისტანციურად მუშაობენ. ნაწილი კი სამკურნალოდაა გადაყვანილი. მას შემდეგ რაც საბერიო და ჩეღალი დაიკეტა, ჩეღალის საავადმყოფოში მოსახლეობის მასიური ტესტირება დაიწყო. ხალხი მოტივირებულია თავი დაიზღვიოს და ტესტირებაზე ზოგჯერ რიგიც კი დგას. საავადმყოფო როგორც ჩანს ქართული მხრის მიერ კარგადაა შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი. რადგან ადგილობრივ „მთავრობას“ რესურსი საკუთარი თავისთვისაც არ აქვს. მეტიც, ვხედავთ, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ არა მარტო ქართველები, არამედ აფხაზებიც გადაჰყავთ“.

რ.ს.-ს თქმით, სასწავლო პროცესი, საბერიოში მდებარე ორი სკოლიდან, ერთში, კერძოდ, ნომერ პირველ სკოლაში განახლდა, მეორე სკოლის მოსწავლეები კი დისტანციურ სწავლებაზე არიან გადასული.

„ნომერ პირველ სკლაში გაკვეთილების და შესვენების ხანგრძლივობა შემცირებულია. სწავლის დაწყებამდე ყველა მოსწავლეს და პედაგოგს უტარდება თერმოსკრინინგი, სკოლას აქვს სადეზიფექციო საშუალებები“.

რ.ს. როგორც სხვა დანარჩენი, ადგილობრივი მაცხოვრებელია და კონფლიქტის ზონაში ჩაკეტილი მოსახლეობის ყველაზე დიდ პრობლემად, „ჩაკეტილ საზღვარს“ ასახელებს.

„ყველაზე დიდი პრობლემა ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტია, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ჩაკეტილია და მოსახლეობას უამრავ პრობლემას უქმნის. აქაურ ხალხს, არავის დახმარება არ სჭირდება, იმდენად ბრძოლისუნარიანები არიან, ისინი თავის თავს ძალიან კარგად მიხედავენ და არც არავის სთხოვენ დახმარებას, მთავარია გზა გაიხსნას. მხოლოდ ამას ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობა. მოგეხსენებათ, აქაურები საკვებ პროდუქტებსა და სხვა საჭირო/აუცილებელ ინვენტარს, ძირითადად ზუგდიდის ბაზარში ყიდულობდნენ. ახლა მთელი მასა გალის ბაზარს მიაწყდა, რადგა სხვა გზა არ არსებობს. მაშინ, როცა გალის ბაზარიც კი ზუგდიდიდან მარაგდებოდა, ბევრი პროდუქტის დეფიციტი შეიქმნა. ამას ემატება კატასტროფული სიძვირე. მოგეხსენებათ აქ რუსული რუბლია ბრუნვაში. შედარებისთვის მაგ:. კარტოფილი სამ-ოთხ ლარი ღირს, ყველი 20-25 ლარი. არანაკლები პრობლემაა მედიკამენტები. ერთადერთი ავტომანქანა, რომელიც კვეთს ენგურის ხიდს, ამ ჩაკეტილობის პერიოდში, ენგურჰესის მომსახურე ავტობუსია, რომელსაც ცვლა გაყავს და გამოყავს. უნდა ნახოთ, რამდენი ადამიანის ნუგეში არის ეს ავტობუსი, რომელსაც აქაურებისთვის საკვები პროდუქტები, აუცილებელი მედიკამენტები თუ სხვა პირველადი მოხმარების საგნები შემოაქვს. ამ ეტაპზე, კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვის მატების გამო, ეს ავტობუსები არ მოძრაობენ. აქვე მინდა გამოვიყენო ეს პლათფორმა და დიდი მადლობა ვუთხრა ,ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ლევან მებონიას, იმ დიდი თანადგომისთვის, რასაც გრძნობს საბერიოს მოსახლეობა მისგან. აგრეთვე მადლობა აქ მომუშავე ექიმებს, სამედიცინო დებს, სასწრაფო სამედიცინო სამსახურს, ენგურჰესის კუთვნილი ავტობუსების მძღოლებს“.

მოსახლეობის პრობლემების ჩამონათვალშია სოციალური დახმარებების საკითხი, რაც მათი ძირითადი საარსებო წყაროა.

„მოგეხსენებათ აქაური მოსახლეობის უმეტესობა ხანდაზმულია, ამიტომ ძირითადი შემოსავლის წყარო სოციალური შემწეობებია. გალის მოსახლეობისთვის ძალიან რთული თემაა კუთვნილი პენსიის მიღება. როგორც ამბობენ, გალში მათ ბანკში შეუძლიათ პენსიის აღება, მაგრამ პროცენტი არის მაღალი. ბევრი ამასაც ვერ ახერხებს, ამიტომ უწევთ მინდობილობით, დანარჩენ საქართველოში მცხოვრები ნათესავებს ააღებინონ კუთვნილი პენსიები და რაღაც მანქანებით მოაწოდონ გალში, რომელიც უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული“.სეზონური პრობლემების ჩამონათვალში მოხვდა თხილის მოსავლის აღებისა და გაყიდვის საკითხი. „თუ ზუგდიდში მუშახელი 35 ლარი ღირს, აქ 45 ლარზე ნაკლებ ვერ იშოვი თხილის მოსაგროვებლად დამხმარეს. თუ ზუგდიდში 8 ლარი ღირს თხილი, აქ 2,5 ლარით ნაკლებია. გადატანის შანსი დღეს საერთოდ არ არის, ადრე კი ალბათ ემახსოვრება ხალხს, გარკვეული თანხის გადახდა უწევდათ, ზოგს კი საერთოდ არ უღირდა გადატანა. ახლა ადგილზე თხილის ძირითადი ბაზარი რუსეთია. ხალხი იძლებულია იმ ფასში გაყიდოს, რა ფასიც ადგილობრივ ბაზარზე დაწესდება, რადგან სხვა შემოსავალი აქაურებს არ აქვთ“.

რ.ს. თვლის რომ ადგილობრივ მოსახლეობას, მმართველი მთავრობისგან მეტი ხმამაღალი მხარდაჭერა სჭირდება.

„ცნობილია რომ აფხაზურმა მხარემ ამ ჩაკეტილობის პერიოდში, რამდენჯერმე გახსნა ცალმხრივად ენგურის ხიდი და დანარჩენ საქართველოში მყოფ, აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს მიეცათ საშუალება, უკან სახლებში დაბრუნებულიყვნენ. ბევრი მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის შემოვიდა. ახლა როცა უკან, ოჯახებში უნდათ, დაბრუნება სახიფათო გზებით უწევთ, რომელიც ხშირად სამწუხაროდ, ფატალურად სრულდება. გვესმის სიტუაციის სირთულე, მაგრამ აქაურმა ქართველმა, თავი მიტოვებულად არ უნდა იგრძნოს! უფრო ხმამაღალი და თვალშესახები უნდა იყოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა აქაური ქართველობისთვის! ვფიქრობ, დროა დიალოგი განახლდეს, რომელიც ფაქტიურად 2008 წლის შემდეგ შეწყვეტილია. საჭიროა დიალოგი, მითუმეტეს, როდესაც დღეს აფხაზეთის მმართველი ელიტაც, გამოტქვამს ამის სურვილს. არის ბევრი თემა, რომელზეც საჭიროა დიალოგი. მაგალითად, ეკონომიკური და განათლების თემები. გალის მოსახლეობის უფლებებზე დეკლარირების დონეზე გვესმის აქაური მმართველებებისგან. მაგალითად, რომ გალის რაიონის მოსახლეობა, არ უნდა იხდიდეს უფრო მეტ მიწის გადასახადს, ვიდრე დანარჩენი აფხაზეთის მოსახლეობა, რომ ვერ დაუშლიან ქართველ ბავშვებს სასწავლებლად დანარჩენ საქართველოში წასვლას, რომ გალში აპირებენ გახსნან აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტის საზოგადოებრივი მისაღები და.ა.შ. ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, ვფიქრობ დროა განახლდეს დიალოგი. დამერწმუნეთ ეს დროის მოთხოვნაა“.

ცნობისთვის, დღეს გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ორი სახის საბუთი მოქმედებს. ესაა ე.წ. ბინადრობის მოწმობა და ე.წ. ფორმა 9, რომელიც ყოველთვიურად უნდა ცვალო.

„ძირითადად ეს ორი საბუთია. არის კიდევ ენგურჰესის სპეც საშვი, თუმცა ეს მხოლოდ თანამშრომლებისთვისაა. ბინადრობის უფლებით სარგებლობისთვის, აუცილებელია საქართველოს პირადი მოწმობის წარდგენა. საუბარია შეცვლაზეც, მაგრამ რითი შეიცვლება, ჯერ არავინ იცის. აქ მუდმივად მიდის საუბარი საბუთების ცვლილებებზე და პროგნოზირება, როდის რითი შეიცვლება, არავინ იცის. საუბარი იყო აფხაზური პასპორტების გაცემაზე, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობა არ აქვთ, შესაბამისად, საკუთარ თავთან მოდიან წინააღმდეგობაში, ამიტომ არ ვიცი ეს რა ფომით მოხერხდება. ფორმა 9 ყოველ თვეში უნდა შეცვალო. სხვათაშორის, როცა ჰუმანიტარული კორიდორი გაიხსნა, ვადაგასული საბუთით შემოუშვეს ხალხი, იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკურად შეცვლას ვერ მოახერხებდნენ. ასეთი შეღავათებიც კეთდება, ამიტომ არაფერი არ უნდა დავკარგოთ და მაქიმალურად გამოვიყენოთ. ვიმეორებ, მთავარია აქაურმა ქართველმა თავი მიტოვებულად არ იგრძნოს, თორემ სხვა მხრივ აქაური ქართველობა ძალიან შრომისმოყვარე, ამტანი და გამტანია!“

სპეციალურად "ევროპეთაიმისთვის"