ყირიმში პროუკრაინული განწყობები იზრდება - ყირიმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ყირიმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა, რომელიც ნახევარკუნძულის რუსული ჯარების მიერ ანექსიის შემდეგ მოსკოვიდან დაინიშნა, ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც ყირიმელებს სამართლებრივი დევნით ემუქრება. კერძოდ, დაისჯებიან ის ყირიმელები, რომლებიც „საჯარო ღონისძიებებზე მიდიან და უკრაინის ჰიმნს მღერიან“. 

მისივე თქმით, ბოლო დროს ინტერნეტში მსგავსი ვიდეოები გავრცელდა. 

„სახალხო ღონისძიებებზე სკანდირებენ ნაციონალისტურ ლოზუნგებს, მღერიან საგალობლებს, განსაკუთრებით სამხედრო ოპერაციის დროს. სისხლის სამართლის კანონით დაისჯებიან ორგანიზატორებიც და მონაწილეებიც", - განაცხადა აქსიონოვმა.

მისი თქმით, ასეთი ქმედებების გამო შესაძლებელია დაკარგონ სამსახური ან ყირიმში ბიზნესის კეთების უფლება.

„ნუ გიყვართ ჩვენი ქვეყანა - წადით მასთან, ვინც გიყვართ", - თქვა აქსიონოვმა.