უკრაინის სამხრეთში კონტრშეტევისას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე ხუთი დასახლება და დაახლოებით 500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ სამხრეთის გაერთიანებული სარდლობის სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.
მისი თქმით, ოფიციალურად შეიძლება ითქვას, რომ დასახლებები ვისოკოპოლიე, ნოვოვოზნესენსკოე, ბელოგორკა, სუხოი სტავკი და მიროლიუბოვკა უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა.
მანამდე, სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის გამო რუსი სამხედროები რთულ პირობებში იმყოფებოდნენ და მათ მიიღეს დავალება, რომ პოზიციები ნებისმიერი გზით დატოვონ.
მისი თქმით, რუსი სამხედროები ტოვებენ აღჭურვილობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე და მარცხენა სანაპიროზე არიან ევაკუირებულები.
„ნაჩქარევი უკანდახევის გამო, რუსი სამხედროები მზად არიან უკრაინულ ძალებთან მოლაპარაკებისთვის“, - აღნიშნა „სამხრეთის სარდლობის“ წარმომადგენელმა.
„ისინი ცდილობენ მოლაპარაკებას იმ პირობების შესახებ, თუ როგორ დადებენ [რუსი სამხედროები - BBC] იარაღს და მოხვდებიან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იურისდიქციის ქვეშ“, - თქვა გუმენიუკმა.
ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს თავისი ჯარების ახალ წარმატებებს ხერსონის რეგიონში.