ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. ბლინკენის ოფიციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
„აშშ ღრმად არის შეშფოთებული სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თავდასხმების შესახებ ცნობებით, მათ შორის სომხეთში დასახლებულ პუნქტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ. როგორც დიდი ხნის წინ ავღნიშნეთ, კონფლიქტი სამხედრო გზით არ უნდა გადაწყდს. მოვუწოდებთ [აზერბაიჯანსა და სომხეთს] დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნებისმიერი სამხედრო ქმედება“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ. ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.
ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია.
წუხელ, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. ფაშინიანმა, აზერბაიჯანის ქმედებებს დაუშვებელი უწოდა. პრესსამსახურის ოფიციალური ცნობების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ შინაარსის საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.