აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებები დაიწყო

ბრიტანული სააგენტო Reuters-ი იტყობინება, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ჯარებს შორის შეტაკებები დაიწყო.

აზერბაიჯანმა, რომელმაც 2020 წელს, ექვსკვირიანი კონფლიქტის შედეგად აღადგინა ტერიტორიის სრული კონტროლი, თავის ძალებს შორის მსხვერპლი აღიარა. სომხეთს არ უსაუბრია დანაკარგებზე, მაგრამ განაცხადა, რომ შეტაკებები ღამითაც გაგრძელდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარდა, სიტუაციის განსახილველად საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს დაურეკა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით ინტენსიური სროლა დაიწყო და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან თანაზომიერი რეაქცია მოჰყვა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 12 სექტემბერს, ღამით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელეს.

მისივე განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებდნენ ტერიტორიების დანაღმვას და აღნიშნული ქმედებების აღკვეთის მიზნით, გატარებული გადაუდებელი ღონისძიებების შედეგად, სამხედრო შეტაკება მოხდა.

„ყველა ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სომხეთი ემზადება ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაციისთვის“, - აღნიშნავენ სამინისტროში.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სომხეთი ასევე მიზნად ისახავს, შეანელოს აზერბაიჯანის მიერ ოკუპაციისგან გათავისუფლებულ სასაზღვრო რაიონებში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და შეინარჩუნოს დაძაბული ატმოსფერო აზერბაიჯანის საზღვრებთან.

ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის არმიის შეჭრის შესახებ ინფორმაცია უარყო.

კონფლიქტი პირველად, 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც ორივე მხარე საბჭოთა მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. სომხურმა ძალებმა მთიანი ყარაბახის მახლობლად მდებარე ტერიტორიის ნაწილი დაიპყრეს, რომელიც საერთაშორისო დონეზე, დიდი ხნის განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიად იყო აღიარებული, თუმცა იყო ფართოდ იყო დასახლებული სომხური პოპულაციით.

აზერბაიჯანმა ეს ტერიტორიები 2020 წლის ბრძოლების დროს დაიბრუნა, რომელიც რუსეთის შუამავლობით დადებული ზავით დასრულდა. ორივე ქვეყნის ლიდერები მას შემდეგ რამდენჯერმე შეხვდნენ ხელშეკრულების დასადებად, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით