საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
საუბარი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით გაიმართა.
ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მორიგ სამხედრო გამწვავებასა და დაპირისპირების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან და ვითარება მშვიდობიანი გზით გადაიჭრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის.
13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია.
13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და ასევე, გაეროს მიმართა.