„ჩვენ რუსეთთან ომში ვართ არა იმისთვის, რომ მივიღოთ მათთან საუბრის შესაძლებლობა, არამედ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ“, -ამის შესახებ უკრაინულ მედიას, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განუცხადა. მისი თქმით უკრაინის კონტრშეტევა ასევე ხელს შეუწყობს საერთაშორისო დახმარების ზრდას.
კულებას განცხადებით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების ვარიანტს არ უარყოფს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა რუსეთის არმია მაქსიმალურად შესუსტდება.
„მოლაპარაკების ვარიანტს არავინ უარყოფს, ნებისმიერი ომი მოლაპარაკებით მთავრდება, მაგრამ საკითხავია, რა პოზიციაზე ზიხარ მოლაპარაკების მაგიდასთან. დღეს რუსეთთან მოლაპარაკებები ბრძოლის ველზე მიმდინარეობს და ეს არის მოლაპარაკების ერთადერთი ტიპი, რომელიც მას ნამდვილად ესმის. მაგრამ ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ მაგიდასთან, თუ საქმე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას ეხება. ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ყველა პარტნიორს", - აცხადებს კულება.