ახალი სასწავლო წლიდან სკოლების ტერიტორიაზე არსებულ საკვებ დაწესებულებებს შეზღუდვები მოეხსნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს.
„განათლების და მეცნიერების სამინისტროს განახლებული რეკომენდაციები სკოლის ტერიტორიაზე არსებული საკვები დაწესებულებებისა და სასკოლო წრეების შეზღუდვების მოხსნასაც ითვალისწინებს. შესაბამისად, 2022-2023 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განახლდება სასკოლო ბუფეტებისა და სასკოლო წრეების ფუნქციონირება.
სკოლებში ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კვლავ უზრუნველყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვა საჭირო რესურსების, ჰიგიენური საშუალებებისა და ინვენტარის მარაგით. გარდა ამისა, წელსაც გაგრძელდება სკოლებში უსაფრთხო გარემოს სისტემური მონიტორინგი, როგორც სამინისტროს წარმომადგენლების, ასევე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.