ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ერევანში, პარლამენტთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

„გამოდით ქუჩებში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაურეკოს ჩვენს მეგობრებს და ნათესავებს და დაუძახოს აქ. გადაკეტეთ ქუჩები. არ მისცეთ უფლება ამ მოღალატეებს გაყიდონ ქვეყანა", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ბაგრამიანის გამზირზე, სადაც ეროვნული ასამბლეის შენობაა განთავსებული, აქციის მონაწილეებმა მოძრაობა გადაკეტეს. 

მანამდე, ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სსრკ-ს საზღვრებში, თუ აზერბაიჯანი, სომხეთის ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ სომხეთის მხარეს, აზერბაიჯანთან შეტაკებისას 105 ადამიანი დაიღუპა.