სახელმწიფო დეპარტამენტი: აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს მოვუწოდებთ, აღადგინონ კომუნიკაციის პირდაპირი ხაზები

ექსკლუზივი

Europetime-თან კომენტარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, აღადგინონ კომუნიკაციის პირდაპირი ხაზები დიპლომატიური და სამხედრო არხებით - ხელახლა ჩაერთონ დიპლომატიურ პროცესში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის თქმით, შეერთებული შტატები მჭიდრო კავშირზეა ორივე ქვეყნის მთავრობებთან. ელჩი რიკერი, რომელიც ახლახან დაინიშნა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად, ბაქოში იმყოფება, სადაც პრეზიდენტ ალიევს შეხვდა. ამასთან, მდივნის თანაშემწე დონფრიდი ახლახან ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრ, ბაირამოვს.

„შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თავდასხმების შესახებ ცნობებით. უკვე მეორე დღეა, თავდასხმების გაგრძელებას ვხედავთ. სომხეთის შიგნით მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალების შესახებ ცნობები განსაკუთრებით გვაწუხებს.

მდივანი ბლინკენი ორშაბათს, 12 სექტემბერს ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ალიევს, რათა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ სამხედრო მოქმედებების, მათ შორის სომხეთის შიგნით დაბომბვის შესახებ ცნობების გამო, ჩვენი ღრმა შეშფოთება გამოეხატა.

მდივანმა ბლინკენმა მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, გაიყვანოს ძალები საზღვრიდან, სასწრაფოდ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს და იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა გადაუჭრელი საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით.

კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ შემდგომი სამხედრო მოქმედებებისგან თავშეკავებისკენ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ორივე ქვეყნის მთავრობებს, აღადგინონ კომუნიკაციის პირდაპირი ხაზები დიპლომატიური და სამხედრო არხებით - ხელახლა ჩაერთონ დიპლომატიურ პროცესში.

  • შეერთებული შტატები კვლავაც აქტიურ კონტაქტზეა ორივე ქვეყნის მთავრობებთან. ელჩი რიკერი, რომელიც ახლახან დაინიშნა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად, ამჟამად ბაქოში იმყოფება, სადაც სამშაბათს, 13 სექტემბერს და ოთხშაბათს, 14 სექტემბერს შეხვდა აზერბაიჯანის მაღალი თანამდებობის პირებს. ელჩი რიკერი სამშაბათს შეხვდა პრეზიდენტ ალიევს.

ამასთან, მდივნის თანაშემწე დონფრიდი ახლახან ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრ, ბაირამოვს.

შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის ხელშეწყობის ერთგული რჩება“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.