ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება.
ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამ დრომდე სრულდება.
„ჩვენთვის იმედისმომცემია ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია. მოვუწოდებთ მხარეებს, განაგრძონ ამ შეთანხმების იმპელემენტაცია და მოახდინონ ჰუმანიტარული ნაბიჯების კოორდინაცია, როგორიცაა, სამხედროების ცხედრების გადაცემა.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აგრძელებს მაღალი დონის შეხვედრებს და კონსულტაციებს ჯოზეფ ბორელის მანდატით.
ის იმყოფებოდა ბაქოში გუშინ და დღეს ერევანშია. ევროკავშირი კვლავაც ჩართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალიზაციის პროცესში, მათ შორის უმაღლეს დონეზე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მეშვეობით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 14 სექტემბრის 20:00 საათიდან შევიდა ძალაში.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.