საქართველოს პრეზიდენტი ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, 18 სექტემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდსა და მიღებას დაესწრება, რომელიც მეფე ჩარლზ III-ის სახელით გაიმართება.

"19 სექტემბერს კი, დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას დაესწრება, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გაიმართება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.


ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა.

1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო.

1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.