აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებებს აზერბაიჯანის მხრიდან მკაცრი შეფასება მოჰყვა. ბაქოს შეფასებით, პელოსის გამონათქვამები საფრთხეს უქმნის მშვიდობას კავკასიაში.
„პელოსის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ წაყენებული დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდებები მიუღებელია. ეს არის სერიოზული დარტყმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებზე", - განაცხადა სამინისტრომ და პელოსის განცხადებას „სომხური პროპაგანდა“ უწოდა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენდა სომხეთს მისი თავდაცვის საჭიროებების შესახებ და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში.
ერევანში ყოფნისას პელოსიმ ასევე აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.