ნენსი პელოსის ერევანში ჰკითხეს, არის თუ არა აშშ მზად სომხეთის სამხედრო მხარდაჭერისთვის

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ სომხეთისთვის სამხედრო დახმარების შესაძლო გაწევის საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

კერძოდ, სომხეთში ვიზიტისას პელოსიმ უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა აშშ მზად სომხეთის სამხედრო მხარდაჭერისთვის.

სომხური მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხდა, რომ ვიზიტის მნიშვნელობა ეფუძნება შემდეგ ფაქტს: მათ სურთ იმის მოსმენა და გაგება, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ და რას მოელიან მათგან.

მან აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე, თავდაცვის საკითხში თანამშრომლბაზე, ასევე ათასწლეულის გამოწვევების პროგრამებში სომხეთის მიერთების საკითხზე.

„ჩვენი მოლაპარაკებების მიზანია მოვუსმინოთ სომხეთის ხელმძღვანელობას, რათა გამოვკვეთოთ კონკრეტული სფეროები, რომლებზეც ჩვენ ვიმუშავებთ აშშ-ში დაბრუნების შემდეგ, თავის მხრივ, აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ანა ეშუმ.

ნენსი პელოსი სომხეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა.

აშშ-ის დელეგაციაში ასევე შედიან წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრენკ პალონე და წარმომადგენელთა პალატის წევრები, ანა ეშუ და ჯეკი სპაიერი.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს.

პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში.